დავით ნარმანია ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე სრულად გადატანას სამ წელიწადში ვარაუდობს

თბილისის მერი დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანა 3-4 წელიწადში სრულად მოხდება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს, თბილისის ზოოპარკის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი ვოლიერების მშენებლობა და დაზიანებულების აღდგენა.

”13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა, როგორც ზოოპარკის ინვენტარი, ასევე დაიღუპა და დაიკარგა 280-ზე მეტი ერთეული ცხოველი. ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდა. ძალიან დიდი ნატანი მასალა იქნა გატანილი ზოოპარკის ტერიტორიიდან, რის შემდეგაც დავიწყეთ დაზიანებული ვოლიერების აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა, დავაბინავეთ სტიქიას გადარჩენილი ცხოველები. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან და ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები, ფრინველები, რომლებიც ავსებენ ზოოპარკს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი აღნიშნულ ტერიტორიაზე იქამდე დარჩება, სანამ არ მოხდება ახალი ზოოპარკის ტერიტორიის განვითარება.

”მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ. მთლიანად შემოიღობა ახალი ზოოპარკის ტერიტორიის 48 ჰექტარი, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ძაღლებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, წელს მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, დამატებითი ვოლიერების მშენებლობა დათვებისა და მგლებისთვის. ასევე მიმდინარეობს პროექტირება სამომავლოდ ვოლიერების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა ეტაპობრივად მოვახდინოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა, ეს ტერიტორია კი განვავითაროთ როგორც სარეკრეაციო სივრცე. ვფიქრობთ, მინიმუმ 3 წელი მაინც დაჭირდება ზოოპარკის გადატანას, რადგან მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და დროს”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ტერიტორიის უკანა ნაწილის გამწვანება, სადაც ვოლიერები არ აშენდება, უკვე დაწყებულია.