საქართველოში 5 ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა

2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 36%, თურქეთი 15%, გაერთიანებული სამეფო 12%, კორეა 9%, ნიდერლანდები კი 6%.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 137 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თურქეთიდან - 57 მილიონი დოლარის, გაერთიანებული სამეფოდან - 44 მილიონი დოლარის. რაც შეეხება კორეას, ამ ქვეყანამ საქართველოში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ნიდერლანდებმა კი 22 მილიონი დოლარის.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 376 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103%-ით მეტია 2015 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე.

საქსტატის ცნობით, 2014-2016 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2014 წლის მესამე კვარტალში განხორციელდა და აღნიშნულმა მონაცემმა 726 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 185 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 309 მილიონი აშშ დოლარი იყო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე