თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის 200 ლარის ერთჯერადად გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დღეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ბოლო დღეებში ასეულობით განაცხადი შედის. მისივე თქმით, წინა დღეებში ყოველდღიურად მატერიალური დახმარების გაწევის თხოვნით დღეში 60-70 განაცხადი ფიქსირდებოდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში კი ამ რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერებისათვის ახორციელებს ერთჯერადი დახმარების გაცემას 200 ლარის ოდენობით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დეზინფორმაციაა და მიზანმიმართულად განხორციელებული ტყუილი. მინდა მოვუწოდო თბილისის მოსახლეობას, ნუ აყვებიან ჭორს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა ასევე მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში. ჩივიაშვილმა იმ პირებს მიმართა, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, ნუ მოახდენენ პენსიონერთა კატეგორიის გამოყენებას ასეთი მიზნით.