გურული მოცვით დუბაი, ყატარი, პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები დაინტერესდნენ

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დღეს, დაბა ლაითურში მოცვის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „ვანრიკ-აგრო“ ლაითურში ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. საწარმოში მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება.

„ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშროლოს სახელმწიფომ კერძო სექტორთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ”საპარტნიორო ფონდის” დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. აღნიშნულმა ფონდმა ინვესტიციის სახით ლურჯი მოცვის წარმოების პროექტში 2 მილიონი დოლარი ჩადო. ჩვენ ახლა მომსწრენი ვართ, როგორ იტვირთება ლურჯი მოცვის პირველი პარტია, რომელიც რუსეთში, დუბაიში და შემდეგ უკვე ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. ჩვენ კერძო ბიზნესს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და მათ აქვთ ყველანაირი რესურსი იმისა, რომ გურიაში მოწვეული მოცვი ბაზარზე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გავიდეს“, - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

როგორც „ვარნიკ - აგროს“ ხარისხის მართვის მენეჯერმა მედეა გულუამ განაცხადა, ლურჯი მოცვის პროდუქციაზე შეკვეთები დუბაი, ყატარი, პოლონეთი, ინგლისი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მიიღეს. საბაზრო არეალი თანდათან ფართოვდება. მომავალი წლისთვის კი 100 ტონაზე მეტი პროდუქციის მიღებას ვარაუდობენ. საწარმოში სეზონზე 200 ადამიანის დასაქმებაც იგეგმება.

მისივე განმარტებით, ყველანაირი დახმარება აქვთ გუბერნატორის ადმინისტრაციისგან, რადგან მათი მხრიდან ხშირად ხდება მუშახელის მოზიდვა. აღნიშნულ კომპანიასა და კოლეჯ "ჰორიზონტს“ შორის თანამშრომლობა გუბერნატორის გია სალუქვაძის უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობითა შედგა.

ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკას პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტის“ სტუდენტები გადიან. წარმატებული კურსდამთავრებულები კი სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდებიან.