სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქალაქ ზუგდიდში ბიზნეს-სექტორს შეხვდა.

როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ღონისძიებას 40-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად სავაჭრო-სამრეწველო პალატის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ასევე საუბარი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებაც - ამ სერვისს საქართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს.

პრეზენტაციების შემდეგ ნინო ჩიქოვანმა პირადად მოისმინა ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის პრობლემები. შეხვედრის ძირითადი მონაწილეები თხილის გადამამუშავებელი საწარმოებისა და სამეგრელოს რეგიონში გავრცელებული სხვა ბიზნეს-მიმართულებების წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შემდეგ კი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ზუგდიდში ფქვილისა და თხილის ქარხნები დაათვალიერა. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში შედგა.