დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ქალაქ აქტობეში მომხდარის გამო მიუსამძიმრა და დაღუპულთა ოჯახებს და ყაზახ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

მხარეებმა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შემდგომი განვითარებაც დადებითად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ჩატარებას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო.

”მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა შეთანხმება საქართველოს ვალის საკითხზე ყაზახეთთან მიმართებაში. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე და დასარიცხ პროცენტზე.

აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე ცვლილებებს გეგმავს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) კიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს პოტენციური გადამზიდავებისთვის”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის, ასეტ ისეკეშევის განცხადებით, აღნიშნული სატრანზიტო მიმართულების განვითარება სერიოზული ბიძგის მომცემი იქნება როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე დერეფნის ქვეყნებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ასეტ ისეკეშევი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.