ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კერძო კომპანიების აქტივების შესყიდვა დაიწყო

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროპული ეკონომიკის მხარდაჭერისკენ მიმართული ზომების ფარგლებში, პირველად კერძო კომპანიების აქტივების შესყიდვა დაიწყო.

კორპორატიული ობლიგაციების შეძენის ფარლგებში, ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ავტოკონცერნ Volkswagen AG-ის, ავტოკომპონენტების მწარმოებელი კომპანია Continental-ისა და მობილური ოპერატორი Orange-ის ობლიგაციები შეიძინა.

"ბლუმბერგის" ცნობით, ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა კორპორატიული ობლიგაციების შეძენის პროგრამა ოთხშაბათს, ენერგეტიკული კომპანიების, კერძოდ ფრანგული Engie-ისა და გერმანული RWE AG-ის ქაღალდების შეძენით დაიწყო.

გუშინ კი ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა იტალიის უმსხვილესი მობილური კომპანიის, Telecom Italia SpA-ს, მსოფლიოს უმსხვილესი ლუდსახარში კომპანიის -  Anheuser-Busch InBev NV-ის, ევროპის წამყვანი საინჟინრო კონცერნის Siemens AG-ისა და ფრანგული ავტომწარმოებლის Renault SA-ის ობლიგაციები შეიძინა.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპული ცენტრალური ბანკის ახალი პროგრამა სადავო ინიციატივას წარმოადგენს, რადგან ცენტრალური ბანკი გადაწყვეტს, რომელმა კერძო კომპანიებმა უნდა მიიღონ ფინანსური სახსრები.

„დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ამ დროისთვის ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროპული ეკონომიკის მხარდაჭერის ფარგლებში 1 ტრილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინა.