საქართველოში ვიზიტით ბელორუსის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ბელორუსის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იმყოფება. როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ბელორუსის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ქართველ კოლეგას უკვე შეხვდა. დელეგაცია ბელორუსიდან საქართველოში ნაციონალური გამოფენის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვიდა.

ბელორუსის ნაციონალური გამოფენა სექტემბერში, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. ღონისძიების ჩატარება საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მინსკში სტუმრობის დროს გადაწყდა. გამოფენის ჩატარების სავარაუდო თარიღი 1-4 სექტემბერი. წარმოდგენილი იქნება ბელორუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა, სადაც მონაწილეობას ბელორუსში მოღვაწე არტისტები მიიღებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის დელეგაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გარდა „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას, ასევე შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ყველა შეხვედრისას გამოფენის საორგანიზაციო თემები იყო.