"სილქ როუდ ჯგუფი" ბანკს ყიდის

"სილქ როუდ ჯგუფი" ბანკს ყიდის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები რამდენიმე  ევროპულ და ამერიკულ ფონდთან მიმდინარეობს.

როგორც "სილქ როუდ ჯგუფის” წარმომადგენელმა "ბიზნესპრესნიუსს" განუხცადა, საბანკო სექტორი კომპანიისთვის პრიორიტეტული საქმიანობა აღარ არის, ამის მიზეზი კი ენერგეტიკის, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროებით დაინტერესება გახდა.

"ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ ფონდთან, ბანკის გაყიდვის ან ინვესტორთა მოზიდვის თაობაზე. სამომავლოდ "სილქ როუდ ჯგუფი" ინვესტირებას გეგმავს ტურისტულ და ენერგეტიკულ სფეროებში", - აცხადებენ კომპანიაში.

უფრო კონკრეტულად კი, "სილქ როუდ ჯგუფი" 70 მილიონამდე ინვესტიციის გამოყოფას 45 მეგავატიანი "მაჭახელა ჰესის" მშენებლობისთვის აპირებს.

კომპანიის უახლოეს გეგმებში ასევე წინანდალსა და თბილისში ,"რედისონისა" და  "რედისონ ბლუ ტელეგრაფის" მშენებლობა შედის.

კომპანიის ინფორმაციით, "რადისონ ბლუ ტელეგრაფი" რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 30-35 მილიონი აშშ დოლარი. როგორც "სილქ როუდ ჯგუფში" აცხადებენ, დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტურქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიანი 5-ვარსკვლავიან სასტუმრო აშენდება.

ქრისტინე გამთენაძე