პროგრამის ”გადაიღე საქართველოში” ფარგლებში საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციის გადაღებები მიმდინარეობს

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერების რომანტიკული ტრილერის გადაღებების პარალელურად პროგრამის ფარგლებში საქართველოში გერმანიის, საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქცია „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ გადაღებებიც მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი პროგრამის ფარგლებში უკვე მეორეა და მათი რიცხვიც თანდათანობით იზრდება.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორები არიან ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გრასი. ფილმი თბილისში მცხოვრები ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს, მთავარ როლებს კი ქართველი მსახიობები მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ. ფილმის პრემიერა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლისათვის 2017 წელს შედგება.

”აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინდური ფილმის გადაღებები, ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც”, - აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.