ბუდაპეშტში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ბუდაპეშტში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოს, ბუდაპეშტში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ღვინის ორდენისა და სასტუმრო St. George Hotel-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

პრეზენტაცია უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა და წმინდა გიორგის სახელობის ღვინის ორდენის მაგისტრმა დიორდი ბისტრაიმ გახსნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ქართული ღვინის ისტორიასა და ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე ისაუბრეს, რომელსაც მინიჭებული აქვს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები „Shalauri Cellars,” “Stori Wines,” “Orgo Wines,” რომლებმაც წარმოადგინეს ქვევრის ღვინის ნიმუშები და ისაუბრეს ქართული ვაზის ჯიშების მრავალსახეობაზე.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ცნობილი ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება, რომელსაც ასევე დაესწრო ფილმის ავტორი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, ბუდაპეშტის სენტ იშტვანის სახელობის უნივერსიტეტის მეღვინეობის კათედრისა და უნგრეთის გასტრონომიული კავშირის წარმომადგენლები, უნგრული ღვინის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელები, უნგრეთში აკრედიტებული ელჩები.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქვევრის ღვინო და ქართული კერძები დააგემოვნეს, რომლებიც მომზადდა ბუდაპეშტში მოქმედ ქართული რესტორნის „არაგვის“ მიერ.