რამდენად ეფექტურია აგროდაზღვევის სისტემა საქართველოში

მიმდინარე წელს კახეთისა და ქართლის ათეულობით სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. მოსახლეობას მოსავალი სრულად ან ნაწილობრივ გაუნადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 2014 წლიდან აგროდაზღვევის სისტემა მოქმედებს, მათ უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. მიყენებული ზარალი ჯერჯერობით სრულად დათვლილი არ არის. მოსახლეობამ კი დახმარების თხოვნით სახელმწიფოს არაერთხელ მიმართა.

აგროდაზღვევის პროგრამის ეფექტურობითა და მასში ბენეფიციართა ჩართულობით ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, წელს ფერმერთა აქტიურობა გაზრდილია.

,,შეიძლება ბაზრის ათვისება არ იყოს ისეთი შესამჩნევი, როგორიც სხვა აგროდაზღვევის მიმართულებით განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მოთხოვნა თანდათან მატულობს. 20 აპრილს დაიწყო პოლისების გაყიდვა და 30 მაისის მდგომარეობით 6600 პოლისია გაცემული. 2014-2015 წლებში კი აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 29 ათასი პოლისი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოლისების რეალიზაცია ბევრად მეტია და შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ გაყიდვების ტენდენცია მზარდია”, - აღნიშნა ლევან მაღრაძემ.

მისივე ინფორმაციით, აგროდაზღვევაში კახეთის და ქართლის რეგიონების მოსახლეობაა ძირითადად ჩართული, თუმცა სამეგრელოში აქტუალურია თხილის დაზღვევა, ხოლო ციტრუსის სეზონზე განსაკუთრებით აჭარისა და გურიის მოსახლეობა აქტიურობს.

როგორც ლევან მაღრაძე აღნიშნავს, 2015 წელს 14 მილიონი ლარის ზარალი ანაზღაურდა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს უკვე დაწყებულია ზარალის შეფასების სამუშაოები და საბაზრო ფასის დადგენის შემდეგ, დაზღვეული ფერმერები ზარალის შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

აგროდაზღვევის სისტემაში სახელმწიფოს როლზე საუბრობს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ეს სექტორი არცერთ ქვეყანაში არ განვითარებულა.

,,არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია - აშშ, კანადა, ესპანეთი, ამ ქვეყნების შემთხვევაშიც აგროდაზღვევის ინიციატორი სახელმწიფო იყო. საქართველოში აგროდაზღვევის სისტემის განვითარება ახლა იწყება. ჩვენთან ორი წელია, რაც აგროდაზღვევა მოქმედებს. ეს დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არაა”, - აღნიშნავს გიგოლაშვილი.

მისივე თქმით, ადრე აგროდაზღვევით მხოლოდ ის შინა მეურნეობები და ფერმერები სარგებლობდნენ, რომელთაც ბანკიდან ან მიკროსაფინანსოდან სესხი ჰქონდათ აღებული, რაც სადაზღვეო პოლისის შეძენას ავალდებულებდათ.

,,მაშინ ამის აღრიცხვა არ ხდებოდა და შესაბამისად, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თუმცა ეს მიზერული რიცხვი იყო. დღეს აგროდაზღვევით ფერმერთა 6-7% სარგებლობს. თუ ეს რიცხვი 2-3 წელში 15%-მდე ავა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული შედეგია. ფერმერებში აგროდაზღვევის კულტურა უნდა ამაღლდეს. ეს ხანგრძლივი პროცესია და დრო სჭირდება. როცა სტიქიური უბეურებების შემდეგ გამოდის ხალხი და სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას, ეს არც ისე სამართლიანია. დაზღვევის მექანიზმი იმისთვისაა შემოღებული, რომ სტანდარტულად ხდებოდეს ზარალის ანაზღაურება. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ აგროდაზღვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა საკმაოდ მაღალია, ფერმერებს მოსავლის დაზღვევა მნიშვნელოვნად გაუიაფდათ”, - აღნიშნავს გიორგი გიგოლაშვილი.

საქართველოში აგროდაზღვევა 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. მიმდინარე წლის მარტში კი მთავრობამ პროექტის განახლებული ვარიანტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი 10%-ით გაიზარდა და მთავრობის მხრიდან აგროდაზღვევაში თანამონაწილეობა ვაზის შემთხვევაში - 50%, ყველა სხვა დანარჩენი კულტურის შემთხვევაში კი 70% შეადგინა.

რაც შეეხება აგროდაზღვევის პროგრამის ბიუჯეტს, წელს პროექტისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში 6 კომპანიაა ჩართული.

ქრისტინე გამთენაძე