საქართველო კომერციული ატაშეს ინსტიტუტს ქმნის

საქართველო კომერციული ატაშეს ინსტიტუტს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

"დღეს შედის ცვლილებები "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში. ვქმნით ეკონომიკური ატაშეების, კომერციული ატაშეების ინსტიტუტს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს, მთლიანად ვაჭრობას და ყველა ქვეყანაში, რომელიც იქნება ამ მიმართულებით აქტიური, სადაც იქნება მეტი დატვირთვა ვაჭრობის კუთხით, იქნება საქართველოს სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობერებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც ძალიან მნიშვნელოვანია და იმპორტი ქმნის სამუშაო ადგილებს", - აღნიშნა პრემიერმა და ყველას მოუწოდა ეს ინსტიტუტი მაქსიმალურად სწრაფად შეიქმნას.

"მოგიწოდებთ მაქსიმალურად სწრაფად შევქმნათ ეს ინსტიტუტი და ამ მიმართულებთ გაძლიერდეს მუშაობა. ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზირებული მიდგომა. კერძოდ, კონკრეტული ქვეყნის მიმართ კონკრეტული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებაში ვაჭრობის დინამიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე