პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი და მილიარდამდე გადინებული კაპიტალი

376 მილიონი დოლარი - ეს 2016 წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო მონაგარია. კრიზისული 2015 წლის შემდეგ ინვესტორებმა ერთობ მოინდომეს, პირველ კვარტალში ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს აღარ უნახავს.

პირველი კვარტლის საინვესტიციო რეკორდად 2008 წელი ითვლება. იმ პერიოდში საქართველოში ინვესტორებმა - 537 მილიონი დოლარი შემოიტანეს. მას შემდეგ ქვეყანას უცხოელი ბიზნესმენები დიდად აღარ წყალობდნენ. წლების განმავლობაში მთავრობა, ინვესტიციების მოსაზიდად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მიუხედავად, 1 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასაც ვეღარ ასრულებდა. 2009 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 114 მილიონ დოლარამდე დაეცა, მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 658 მილიონი დოლარი შემოვიდა.

პირველ კვარტალში საინვესტიციო მაჩვენებელმა 300 მილიონიან ზღვარს 2014 წელს გადააჭარბა, თუმცა, 2015 წელს გაუფასურების გზაზე დამდგარმა ლარმა და მასზე მიბმულმა ეკონომიკურმა კრახმა ინვესტიციების შემოდინება ისევ დაამუხრუჭა.

2016 წელს ყველასთვის მოულოდნელად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტციებმა 103 პროცენტიანი ნახტომი გააკეთა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 376 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, ტრადიციულად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში იდება. წელს ამ მიმართულებით უკვე 200 მილიონი დოლარი შემოვიდა. საფინანსო სექტორში 58 მილიონი დოლარი ჩაიდო და როგორც იქნა, ენერგეტიკის სექტორმა 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწველობა ისევ ადგილობრივი ინვესტციების იმედზეა, ამ დარგებისთვის უცხოელმა ინვესტორებმა მხოლოდ 3-3 მილიონი დოლარი გაიმეტეს.

ქვეყნიდან სოლიდური მოცულობის კაპიტალი გაედინება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო მონაცემებში, საყურადღებოა ერთი დეტალი, 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის კაპიტალი გავიდა - 955 მილიონი დოლარი, ამ თანხის დიდი წილი უცხოური ვალდებულებების გასტუმრებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასული ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. ძირითადად, ხდება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებში მოგების რეპატრიაცია თავის სამშობლოში ან კიდევ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამ ინვესტიციის გადინება. შესაბამისად, შემოსულ და გასულ ინვესტიციებს შორის, თანდათანობით, სხვაობა ძალიან მცირდება. 2015 წლის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 4,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ, როგორც ჩანს, მათთვის საქართველოში რეინვესტირება არც ისე მიმზიდველია.

2015 წელს საქართველოში წმინდა ინვესტიციებმა 1,351 მილიარდი დოლარი შეადგინა, ქვეყნიდან 1,136 მილიარდი დოლარი გავიდა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, თუკი შემოსულ ინვესტიციებს შევადარებთ საინვესტიციო მოგებისა და რეზიდენტების მიერ უცხოეთში გატანილი კაპიტალის საერთო მაჩვენებელს, გაცილებით საგანგაშო მაჩვენებელს მივიღებთ. აღმოვაჩენთ, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაედინება, ვიდრე შემოდის. კერძოდ, ბოლო 5 წელიწადში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო გასული კაპიტალის მაჩვენებელი 6,5 მილიარდ დოლარს აღემატება.

სოსო არჩვაძის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საგადასახდელო ბალანსს ეყრდნობა, 2010 წელს ქვეყანაში 814 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო ქვეყნიდან 872 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა (საინვესტიციო მოგება და კაპიტალი). ეს კი შემოსული ინვესტიციების 107%-ია. 2011 წელს კი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 1,117 მილიარდი დოლარი შეადგინა, ქვეყნიდან გასული კაპიტალი - 1,320 მილიარდი დოლარი (118%) იყო. ამ მიმართულებით, საგანგაშო ვითარება იყო 2012 წელს, როდესაც შემოსული ინვესტიცია 912 მლნ დოლარს არ აღემატებოდა, ხოლო ქვეყნიდან 1,535 მილიარდი დოლარი გავიდა (168%). 2013 წელს აღნიშნული თანაფარდობა ცოტა შემცირდა - შემოვიდა 942 მილიონი დოლარი, ხოლო გავიდა 1,315 მილიარდი დოლარის კაპიტალი. 2014 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულმა დაზუსტებული ინვესტიციების მაჩვენებელმა.

2014 წელს ქვეყანაში 1,758 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აღინუსხა, ხოლო ქვეყნის გარეთ მხოლოდ 1,265 მლრდ დოლარის (71,9%) კაპიტალი გავიდა.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და რესურსების სიდიდის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო უცხოეთიდან შემოტანილი ინვესტიციები, არამედ მათი შემდგომი ბედიც. კერძოდ ის, რომ წარმოების მომდევნო ეტაპზე ამ ინვესტიციებიდან მიღებული მოგება რჩება საქართველოში თუ გაედინება ფარგლებს გარეთ.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეინვესტირებაზე მოგების გადასახადის გაუქმება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორისთვის, "ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა გადის უცხოეთში - ასეულობით მილიონი დოლარი. ამ ფულის ბრუნვაზე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ ეს კაპიტალი შეინარჩუნოს", - დასძენს ავთო სილაგაძე.

მთავარი ინვესტორი ქვეყნები

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია. ამ ქვეყნიდან საქართველოში, სოლიდური თანხა, 137 მილიონი დოლარი შემოვიდა. შემდეგია თურქეთი - 57 მილიონი დოლარით, გაერთიანებული სამეფო - 44 მილიონი დოლარით. მეოთხე ადგილზე კორეული ინვესტიცია აღმოჩნდა - 32 მილიონი დოლარი. "ბანკებისა და ფინანსების" ინფორმაციით, კორეელმა ინვესტორებმა ფული, ძირითადად, ენერგეტიკაში დააბანდეს, მეხუთე ადგილზე ნიდერლანდებია. გარდა ნიდერლანდებისა, პირველი კვარტლის საინვესტიციო ათეულში არიან ოფშორული ინვესტიციებიც - ვირჯინიის კუნძულებიდან (12 მილიონი დოლარი), ლუქსემბურგიდან (11 მილიონი დოლარი), კვიპროსი (7 მილიონი დოლარი).

მთლიანად, ქვეყანა 15-ზე მეტ თავისუფალ ზონასთან თანამშრომლობს. ოფშორებიდან ინვესტიციები, განსაკუთრებით, 2006 წლიდან გააქტიურდა - "სწრაფი პრივატიზაციის" პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ სახელმწიფო ობიექტების დიდი ნაწილი ოფშორში დარეგისტრირებულმა საეჭვო კომპანიებმა იყიდეს. ოფშორული ინვესტიციები ყოველთვის უნდობლობას იწვევს. ეკონომისტების განცხადებით კი, საქართველო, ძირითადად, ავანტიურისტ ბიზნესმენებს იზიდავს, ვინაიდან რუსეთის ბრჭყალებში მოქცეული ქვეყანა სუფთა წარსულის მქონე ინვესტორებისთვის დიდი რისკის მატარებელია. აქედან გამომდინარე, მთავარია ვინმემ საქართველოში ფული დააბანდოს და უკვე მის წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების ოფშორული ზონებიდან ირიცხება. ამ მიმართულებით თავის დროზე ერთ-ერთი წამყვანი ზონა კვიპროსი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საქართველოდან 118,5 მილიონი დოლარის კვიპროსული ინვესტიცია გავიდა. 2015 წელს ოფშორული ზონებიდან 400 მილიონამდე ინვესტიცია მოგროვდა. წამყვანი ზონებია ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, მალტა, ვირჯინიის კუნძულები, ბელიზი, ტაიმანისა და პანამის კუნძულები.

ცნობისათვის, ვირჯინია პირველია, საიდანაც შემოსულმა გაუმჭვირვალე ფულმა საქართველოს საზღვრები გადმოკვეთა - 1997 წელს ვირჯინიიდან 6,424 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. კვიპროსიდან ინვესტიციების შემოტანა 1999 წლიდან დაიწყეს. მალტის ოფშორიდან შემოსულ კაპიტალს კი ქვეყანა 2010 წლიდან "მასპინძლობს", ბაჰამის კუნძულებიდან კაპიტალი 2011 წელს დაიძრა მცირე ულუფებით, ხოლო 2013 წლიდან რაც შემოვიდა, მთლიანად ისევ უკან გავიდა. ბელიზური ინვესტიციები 2003 წლიდან გამოჩნდა. საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოფშორულ ზონად მარშალის კუნძულები ითვლება, საიდანაც კაპიტალის შემოდინება 2006 წლიდან დაიწყო - 3,391 მილიონი დოლარი.

მაკა ვარადაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"