იარაღის მსოფლიო ბაზარი 10%-ით გაიზარდა

2015 წელს იარაღის მსოფლიო ბაზარმა ბოლო ათი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg ორგანიზაცია IHS-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში იარაღის გაყიდვების ზრდის მთავარ მიზეზად საუდის არაბეთის მიერ შეიარაღების შესყიდვების გაზრდა დასახელდა. გარდა ამისა, საერთო მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში იარაღზე მოთხოვნის მატებამ.

IHS-ის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს იარაღის ბაზარი მსოფლიოში 10%-ით გაიზარდა და ჯამში, 65 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საუდის არაბეთმა გასულ წელს შეიძინა შვეულმფრენები F-15 და ვერტმფრენები Apache. გარდა ამისა, ამ ქვეყნის არმიას შეემატა უპილოტოები, ზუსტწერტილოვანი იარაღი და დაზვერვის მოწყობილობები.

იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე საუდის არაბეთია, რომელმაც 2015 წელს იარაღის იმპორტი 50%-ით გაზარდა და 9,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 5 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღის იმპორტით, მესამეზე  - ავსტრალია, რომელსაც ეგვიპტე და სამხრეთ კორეა მოსდევს.

რაც შეეხება მთავარ ექსპორტიორებს, ამ ბაზარზე ლიდერი უცვლელია. აშშ-მა გასულ წელს 23 მილიარდი დოლარის იარაღი გაყიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი - 7 მილიარდი დოლარით, მესამე-მეოთხეზე გერმანია და საფრანგეთი თითქმის 5 მილიარდი დოლარით და მეხუთეზე - დიდი ბრიტანეთი მილიარდ დოლარამდე იარაღის ექსპორტით.

IHS-ის პროგნოზით, 2018 წლისთვის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთს საფრანგეთი გადაასწრებს. საფრანგეთმა ავსტრალიისგან 12 წყალქვეშა ნავზე მიიღო შეკვეთა, რაც ჯამურად 39 მილიარდი დოლარის ტოლია.

კოკა კვირკველია