აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი "როსნეფტს" აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტის დაწყებას აჩქარებს

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი რუსული კომპანია „როსნეფტისგან“ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, სოხუმს აინტერესებს, როდის დაიწყებს „როსნეფტი“ ე.წ. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტის დაწყებას.

„როსნეფტისგან“ ქმედებებს ველოდებით, თუ როდის დაიწყებენ პროექტის განხორციელებას. ვადა იწურება, ჩვენ ეს დიდად არ მოგვწონს და ამ საკითხზე განმარტებების მიღება გვსურს“, - განაცხადა მიქვაბიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სოხუმი სხვა ქვეყნების ნავთობმომპოვებელი კომპანიების აფხაზეთში დაშვებაზე არ ფიქრობს.

„თუ „როსნეფტი“ არაფერს მოიმოქმედებს, მაშინ რა თქმა უნდა, დავფიქრდებით. თუ საქართველოში, შავ ზღვაზე დაიწყება ნავთობის მოპოვება, თუ სოჭში დაიწყება, რუმინეთში, ბულგარეთში, თუ თურქებიც იწყებენ მოპოვებას, მაშინ ჩვენთვის უმოქმედოდ ყოფნა სწორი არ იქნებოდა“, - განმაცხადა მიქვაბიამ.

რუსულმა კომპანია „როსნეფტმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში საქმიანობის შეჩერება გასული წლის ივლისში გადაწყვიტა. მაშინ „როსნეფტში“ განაცხადეს, რომ კომპანიას აფხაზურ მხარესთან ნავთობის მოპოვების საკითხზე გაფორმებული შეთანხმების შესწავლა სურს.