მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტმა „სამინისტროსკენ ხელის გამოშვერის ნაცვლად“, შესაბამისი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტმა სამინისტროსკენ ხელის გამოშვერის ნაცვლად, შესაბამისი პრიორიტეტები ბიუჯეტის შედგენის დროს უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ შესაბამისი თანხა არ გამოყო.

„მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ადგილობრივი დაქვემდებარების არის და არა კულტურის სამინისტროსი, თავის დროზე სამინისტრომ გამოყო თანხები პროექტის დასამუშავებლად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს პროექტი გააკეთა. ვფიქრობ, რომ ხელის გამოშვერის მაგივრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს ბიუჯეტის შედგენის დროს, თუ ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანია და ჩემი თვალსაზრისით, ნამდვილად არის, შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს თავის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებებით“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.