გუდაუთაში 1 000 რუსი სამხედროსთვის საცხოვრებელი სახლები შენდება

რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, გუდაუთაში 1 000 რუსი სამხედროსთვის საცხოვრებელ სახლებს ააშენებს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა, რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, გუდაუთაში 19 საცხოვრებელი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად იცხოვრებენ.

აღნიშნული კომპლექსი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ბაზის დაქვემდებარებაში გადავა და სამხედროებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვება.

რუსული პრესის ცნობით, გუდაუთაში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად რუსული ბაზის ტერიტორიაზე სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.