გიორგი ჭირაქაძე - გაზრდილი ინვესტიციები ქვეყანაზე ნამდვილად აისახა

ჩვენ, ბიზნესმენები ვხედავთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება,

- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, წლის დასაწყისში ის პესიმისტურად იყო განწყობილი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

„მე, პირადად, წლის დასაწყისში უფრო მეტად პესიმისტურადაც ვიყავი განწყობილი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არც მქონდა მოლოდინი, რომ 3%-თან ახლოს ან ცოტათი მეტიც იქნებოდა, განსაკუთრებით როცა ვუყურებ თუ რა ხდება რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნებია მოახლოებული. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვინდა ზრდა 6 და 10% იყოს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ნორმალურია“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ბიზნესისთვის არის რთული, თუმცა მისივე თქმით, პირველ კვარტალში გაზრდილია ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა, რაც „ნამდვილად აისახა ქვეყანაზე“.

„ჩვენ, ბიზნესმენები ვხედავთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და არჩევნები და პოლიტიკა გავლენას არ იქონიებს. თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, 3%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალურია, შეიძლება მეტიც იყოს“ , - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.