დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს წარუდგენს პრეზენტაციას, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

როგორც გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, დიმიტრი ქუმსიშვილთან ბიზნესასოციაციის წევრები შეხვედრებს ხშირად მართავენ.

„ჩვენი სურვილი იყო ამ შეხვედრის ორგანიზება. ძირითადი მიზანი იყო, რომ ეკონომიკის მინისტრმა გაგვაცნოს პირველი კვარტლისა და თითქმის დასრულებული მეორე კვარტლის ეკონომიკური შედეგები. ვიცით, რომ საკმაოდ საინტერესო ციფრები არსებობს. ასევე გვინდა, ვიცე-პრემიერთან სხვადასხვა საკითხები და თემები გავიაროთ, რაც ბიზნესში არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ და დასძინა, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

მისივე თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილს მომზადებული აქვს პრეზენტაცია, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მეორე კვარტალთან დაკავშირებულ პროგნოზებს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომლებიც უკავშირდება იმ რეფორმებს, რაც ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივითაა დაწყებული ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სურათს გააცნობს, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ბიზნესმენები უმთავრესად ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობთ იმ დადებით ტენდენციებს, რაც ჩვენს ეკონომიკაში შეიმჩნევა. ეს აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებაში და ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრთან მათ დაუგროვდათ გარკვეული შეკითხვები, რაც არის ბუნებრივი მოვლენა, რადგან ბიზნესის წრეში ყოველთვის გროვდება გარკვეული საკითხები და ბიზნესმენები აპირებენ, რომ ეს შეხვედრა გამოიყენონ ამ კითხვების დასასმელად.

სოსო ფხაკაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან ძალიან საინტერესო და ეფექტური დისკუსია გაიმართება.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ეს სასამართლო თემებს უკავშირდება, როდესაც იხილება ბიზნესის საკითხები, ასევე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ თემებს, საგადასახადო რეფორმას.

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.