დიმიტრი ქუმსიშვილი - როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს ეკონომიკის საქმე, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა

”საქართველოს ბიზნესასოციაციის” წევრები პირველ ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კერძო სეტორთან შეხვედრა და მათთან მიმდინარე მდგომარეობის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.

”დღეს მე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გავაცანი შემაჯამებელი მონაცემები 2015 წლის, ასევე პირველი კვარტლის შედეგებზე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ 376 მილიონი დოლარი გვქონდა პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. ასევე ვისაუბრეთ დასაქმებაზე, ტურიზმზე”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს ეკონომიკაში მდგომარეობა, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა და ეს მისასალმებელია.

”კითხვები ეხებოდა ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, დავებისა და კონტრაქტების აღსრულების სწრაფ მექანიზმს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებებს. საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. მე დღეს ბიზნესს ამის შესახებ განვუცხადე და უახლოეს მომავალში ფართო საზოგადოებასაც მოვახსენებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია დღეს მოგახსენოთ, არის ის, რომ ჩემი პირადი ხელმოწერით, ეკონომიკურმა ბლოკმა მიმართა სასამართლო ხელისუფლებას, სადაც მათ შესთავაზა ღია და გამჭვირვალე პლატფორმის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის გვქონოდა შესაძლებლობა ღიად და გამჭვირვალედ გვესაუბრა სასამართლო ხელისუფლებასთან. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხანში მათი მხრიდანაც გვექნება პასუხი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ბიუროკრატიას და სწრაფად მისაღებ გადაწყვეტილებებს, ”რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია”.

”პრემიერისთვის, ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნოს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

”საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრას საინტერესო და პოზიტიური უწოდა.

”ვიცე-პრემიერი ძალიან ბევრ საკითხს შეეხო. ჩვენც გვქონდა ბევრი კითხვა პრობლემებთან, მომავლის ხედვასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ სექტორზე, იმ ხედვებზე, რაც ხელისუფლებას გააჩნია ტურიზმთან მიმართებაში. წელს კარგი შედეგებია ტურისტების რაოდენობის მხრივ, ამავდროულად პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი ინფრასტრუქტურა და ინვესტიციებია საჭირო როგორც ხელისეუფლების, ასევე ბიზნესის მხრიდან რომ უკეთესად და მეტად დავაკმაყოფილოთ ტურისტები გრძელვადიანად. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ბიზესს აქვს სახვადასხვა მიმართლებით, მათ შორის, ერთ-ერთი თემა გრძელვადიან ხედვას უკავშირდებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს ჰქონდეს კომუნიკაცია, თუ რას აპირებს ხელისუფლება მომავალში. ჩვენ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გაგვაცნო ვიცე-პრემიერმა იმ შედეგების, რაც პირველ კვარტალში იყო”, - განაცხადა ჭირაქაძემ.