„25 ათასამდე ადამიანს საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს“

“შევარდნაძის მიერ მიღებული კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ კვლავ ძალაშია და კერძო სექტორში ის 20 ლარს შეადგენს”

„ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს“ - თუმცა საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს ისეთი ჯამაგირი, რომელსაც კაცი ვერაფრით ეყოფა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თანდათან მატულობს. ამის დასტურია „საქსტატის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2015 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1011, 5 ლარი იყო, ხოლო მე-3 კვარტალში - 930, 1 ლარი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2013 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 773,1 ლარი იყო, ხოლო 2014 წელს - 818 ლარი. ზრდა აშკარაა, მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს ზრდა, ან რამდენად ასახავს ოფიციალური მონაცემები რეალობას? - ამ საკითხის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა:

გოჩა ალექსანდრია - 2015 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები, რომელიც „საქსტატმა“ ახლახან გამოქვეყნა, აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი კვლავ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი მატულობს, რჩება მრავალი პრობლემა, რადგან აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებს. აქ საუბარია მხოლოდ 750 ათას დაქირავებით დასაქმებულზე. ამათ გარდა დასაქმებულად მიიჩნევა საქართველოში მცხოვრები მილიონამდე ადამიანი, რომელიც სინამდვილეში თვითდასაქმებულია. ერთ მაგალითს დავასახელებ: მოგეხსენებათ, რამდენი მცირე მარკეტია დღეს საქართველოში, არავინ იცის, რამდენია იქ მომუშავე კონსულტანტების ანაზღაურება, რადგან ოფიციალურ მონაცემებში ამ კატეგორიის ადამიანთა ხელფასები ასახული არ არის. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში არის 1011 ლარი და 50 თეთრი, რეალობისგან მოწყვეტილია, რადგან ის მოიცავს როგორც დაბალანაზღაურებადი კატეგორიის მუშაკთა ხელფასებს, ასევე მაღალანაზღაურებად კატეგორიასაც. თუ ცალკე ვიანგარიშებთ საშუალო და მაღალი დონის მენეჯერთა ხელფასებს და ცალკე - მუშა პერსონალის ხელფასებს, დავინახავთ, რომ ეს 1011 ლარი მუშა პერსონალისთვის მეტისმეტია. მაგალითად, სამთო მოპოვების სფეროში საშუალო ხელფასი 1283 ლარიაო - გვეუბნება „საქსტატი“, მაგრამ ჩვენ გვყავს წევრები ჭიათურაში, ტყიბულში, კაზრეთში და კარგად ვიცით, რომ იქ მუშის ხელფასის მაქსიმუმი შეიძლება იყოს მხოლოდ 700-750 ლარი. ესე იგი, „საქსტატი“ 350-400 ლარით მეტს აჩვენებს, რადგან საშუალო ხელფასის რაოდენობას მენეჯერების ხელფასებსაც ათვლის. იგივე შეიძლება ითქვას მშენებლობაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა: ოფიციალურად, იქ საშუალო ხელფასი 1500 ლარია, რაც გადაჭარბებული ციფრია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაიყოს და დეტალურად გამოჩნდეს, როგორი ხელფასები აქვთ დაბალ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს და როგორი - მენეჯერულ პოზიციებზე მყოფთ, რადგან მათ როგორც წესი, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ.

გოჩა ალექსანდრიას შეფასებით, ხელისუფლებას არა აქვს სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც მინიმალური ხელფასის რაოდენობა უნდა განსაზღვროს: „საქართველოში სამარცხვინო მინიმალური ხელფასი გვაქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში: 1995 წელს, შევარდნაძის მიერ მიღებული კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ კვლავ ძალაშია და კერძო სექტორში ის 20 ლარს შეადგენს, ხოლო საჯარო სექტორში რამდენჯერმე გაიზარდა და 2007 წელს 135 ლარი გახდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. თუ შევადარებთ, კარგად დავინახავთ, რამხელა სხვაობაა საშუალო ხელფასსა და ამ ციფრებს შორის. ახლანდელ მთავრობასაც, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მინიმალური ხელფასის გასაზრდელად. ჩვენ სპეციალური კვლევა ჩავატარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს საქართველოში აქვს საარსებო მინიმუმზე ანუ 163 ლარზე ნაკლები ხელფასი, ხოლო 100 ლარზე ნაკლები - 25 ათასს. თვითდასაქმებულთა ხელფასებზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ბევრ მათგანს აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება. სამაგიეროდ, სახელმწიფო სექტორში აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასები და ეს ყველამ იცის.

როგორც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ მეჭიაური, ამბობს, „კერძო სექტორის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ამიტომ, თვითონ ბიზნესი განსაზღვრავს ხელფასების ოდენობას. რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს, თუ ძალიან დიდი იქნება ხელფასებს შორის სხვაობა კერძო და სახელმწიფო სექტორში, მაშინ სახელმწიფო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინება დაიწყება. ამიტომ, უსასრულოდ არც ხელფასის შემცირება შეიძლება და არც - გაზრდა. კვალიფიციური კადრების გადინება კარგს არაფერს მოგვიტანს. ჯობია შტატები შემცირდეს, ვიდრე სახელმწიფო სექტორი მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე დარჩეს. ამასთან, ხელფასების უკონტროლო ზრდაც არ შეიძლება, რადგან ეს ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჩვენთან საუბრისას.

პარლამენტარის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასებზე შეზღუდვები უნდა არსებობდეს, თუმცა ზოგჯერ ამა თუ იმ უწყების სპეციალისტს უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მის ხელმძღვანელს: „მაგალითად, აუდიტის სამსახურის სპეციალისტს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე გენერალურ აუდიტორს. ასეთი სპეციალისტები დაბალ ანაზღაურებაზე არ წამოვლენ გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სექტორში მათზე მოთხოვნა მაღალია. როდესაც სახელმწიფო სექტორში არსებულ ხელფასებზე ვლაპარაკობთ, ამ ასპექტების გათვალისწინება აუცილებელია“ - აღნიშნავს მეჭიაური.

„ბიზნესპრესნიუსმა“ ამავე საკითხის განხილვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ავთო სილაგაძეს სთხოვა:

ავთო სილაგაძე - საშუალო ნომინალური ხელფასის რაოდენობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორია ამ ფულის მსყიდველობითუნარიანობა. საშუალო ნომინალური ხელფასი არ ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებულს ხელფასი ამდენივე აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის განსაზღვრული, ადამიანს რომ დაიქირავებ, რამდენი უნდა გადაუხადო. არსებობს ქვეყნები, სადაც 1 საათში ანაზღაურება არის 7 დოლარი, ზოგგან - 10 დოლარია, ან უფრო ნაკლები... იქ ხელფასის რაოდენობას კანონი განსაზღვრავს, ამიტომ დამსაქმებელს არა აქვს უფლება დაქირავებულს ამაზე ნაკლები გადაუხადოს. მოწინავე ქვეყნებში არ შეიძლება ანაზღაურება მინიმალურ ხელფასზე ნაკლები იყოს. განსხვავებას ნომინალურ და რეალურ ხელფასს შორის საქართველოში სწორედ ამ მინიმუმის არარსებობა იწვევს. ამიტომ, ერთს შეიძლება ჰქონდეს 1000 ლარი, ხოლო მეორეს - 200, რის მიხედვითაც დგინდება სწორედ საშუალო ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი. ამიტომ, საშუალო ნომინალური ხელფასი ვერასოდეს ასახავს ყველას ხელფასს, რადგან ეს არის საშუალო მაჩვენებელი მაღალსა და დაბალს შუა.

ავთო სილაგაძის თქმით, გასულ წელს ამ ფაქტორებს ლარის დევალვაციაც დაემატა, რის გამოც ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან შემცირდა: „კიდევ კარგი, მდგომარეობა გამოსწორდა, თორემ 2015 წელს ლარის დევალვაციის გამო ხელფასი რეალურად ყველას შეგვიმცირდა. ასე რომ, ერთია ნომინალური ხელფასი, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ და მეორე - როგორია მისი ნამდვილი მსყიდველობითუნარიანობა“, - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე