ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ბათუმში კონფერენცია გახსნეს.

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული რეფორმების ხელშეწყობას. 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმსჯელებს ინვესტიციების სტიმულირების გზებზე, ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრაზე, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვასა და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაზე.

როგორც IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენმა აღნიშნა, პროექტი ეხმარება ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში.

"როგორ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები, ეს იქნება ორდღიანი სემინარის განხილვის თემა ვინაიდან უცხოური ინვესტიციებით შესაძლებელი იქნება ეკონომიკის განვითარება და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა", - აღნიშნა იან ვან ბილსენმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს მათთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

ორდღიანი სემინარი ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" იმართება.