ახალი საიდუმლო ენერგოტარიფები ინვესტორებისთვის

ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს ახალ სატარიფო პირობებს შესთავაზებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სავარაუდოდ, გაიზრდება იმ ახალი ელექტროსადგურების რიცხვი, რომლებთანაც სახელმწიფო ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს. გადაიხედება ელექტროენერგიის ტარიფებიც. ეს ყველაფერი ინვესტორისთვის კომფორტის შესაქმნელად კეთდება. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, სახელმწიფო მათ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 5-6 ცენტს სთავაზობს.

თუ როდის დასრულდება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობების მოდიფიცირება ენერგეტიკის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მთლიანი ბაზრის ანალიზი კეთდება და საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

არსებული სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება, რომლის თანახმადაც ბაზრის ოპერატორი (ესკო) სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით გენერაციის ობიექტების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 100%-ს შეისყიდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასად. ინვესტორები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან აღნიშნულ პერიოდში წარმოებული ელექტროენერგია სრულად მიჰყიდონ ესკოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა კი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები საქართველოსთვის რისკის ფაქტორად დაასახელეს.

როგორც ჩანს, სახელმწიფო იმ ელექტროსადგურების ნუსხას, რომელთა მიერ გამომუშავებულ ენერგიას გარანტირებულად შეისყიდის, ისე აფართოებს, რომ ამ პროცესმა სსფ-ს ყურადღება მიიქცია. ფონდი ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ფისკალური რისკის თავიდან ასაცილებლად, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხილვაში აქტიურად ჩაერთოს და თითოეული დეტალი კარგად გათვალოს.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის პროექტები, რომლებიც ახლა განვითარების ეტაპზეა და ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მათ მიმართ გააჩნია, შესრულდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და შევიმუშავოთ უფრო დახვეწილი და საინტერესო სატარიფო პოლიტიკა. საუბარია გარანტირებულ შესყიდვებზე - ისეთზე, რომელიც ერთი მხრივ, აუცილებლად განავითარებს ახალ სადგურებს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს რისკს (რომელიც ასოცირდება ასეთი ტიპის გარანტიებთან) შეამცირებს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

უცნობია, რა მოცულობის ელექტროენერგიასა და ტარიფზეა საუბარი. როგორც ყოველთვის სამინისტრო ტარიფებზე საუბარს ასაიდუმლოებს. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ტარიფის სიდიდე საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ იმ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი, რომელიც მისი ქვეყნის წყალს იყენებს, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს.

მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტარიფი პროექტების მიხედვით ინდივიდუალურია. წესები ჯერ განსაზღვრული არ არის. ახალი პოლიტიკის შემუშავებისას მთავარი აქცენტი კეთდება ინვესტორის მოტივაციასა და წახალისებაზე.

"ინვესტორებს აქვთ ვალდებულება, რომ ადგილობრივი ბაზრის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სავალდებულო წესით განახორციელონ. შეფასების კრიტერიუმი არის ყველაზე დაბალი ფასი. ტარიფი არ უნდა იყოს მაღალი და არც ისე დაბალი, რომ პროექტი ვერ განხორციელდეს. იგი უნდა იყოს რაციონალური", - ამბობს მარიამ ვალიშვილი.

ენერგეტიკის ექსპერტის თემურ ჭიჭინაძის აზრით, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვისას ხელშეკრულებაში ისეთი ტარიფი უნდა ჩაიდოს, რომ კონკრეტული პერიოდისთვის ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით სახელმწიფოს ლავირების შესაძლებლობა ჰქონდეს. ჭიჭინაძისთვის გაუგებარია ტარიფის პირდაპირ ხელშეკრულებაში ჩადება, სანამ ჰესის მშენებლობა არ დასრულდება და ზუსტი ხარჯი არ დაითვლება.

"რამდენიმე ინვესტორს ტარიფი წინსწრებით, ინდივიდუალურად დაუთვალეს. ეს წესი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. იგი უნდა შედგეს ზუსტად განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. წინასწარ განსაზღვრა აძვირებს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასს და ეს ყველაფერი ტვირთად აწვება მოსახლეობის ჯიბეს", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ხალხს იმის უფლება მაინც უნდა ჰქონდეს, გაიგოს, რა ფასს სთავაზობს ინვესტორს სახელმწიფო.

"სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტროს ყველაფერი გასაიდუმლოებული აქვს. აქ საუბარია სახელმწიფოს გარანტიებზე და ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ჰპირდება სახელმწიფო მისი ფულით ინვესტორს", - ამბობს ჭიჭინაძე. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობას ინვესტორებთან მოლაპარაკებისას საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს. ამიტომაც ენერგეტიკაში ვერ შემოდის იმ რაოდენობის ინვესტიცია, რა ოდენობის ენერგორესურსიც ქვეყანას გააჩნია.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის აზრით კი, ინვესტორების მოსაზიდად ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვისა და სავარაუდო ტარიფის შეთავაზება ჩვეულებრივი პროცესია. ასეთი გარანტიების გარეშე სახელმწიფოს ინვესტორის შემოყვანა გაუჭირდება. თუმცა, არველაძე გამჭვირვალობის მომენტზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სატარიფო პოლიტიკა ძალიან ბუნდოვანია.

"ჩემთვის უცნობია ახალი ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ფასი. ცხადია, რომ ის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი შეწონილი ტარიფია. გვახსოვს, რომ ხუდონჰესთან 6 ცენტამდე იყო საუბარი.

ზოგადად ელექტროენერგიის ტარიფები ბოლომდე გამჭვირვალე არ არის. ეს ეხება იმპორტსა და თბოელექტროსაგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ვინაიდან ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი არ ვიცით. სატარიფო პოლიტიკა უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს", - ამბობს რეზო არველაძე.

წელს საქართველოს ენერგოსისტემას, მთლიანობაში 404 მეგავატი ელექტროენერგია უნდა შეემატოს. მთავრობის გათვლით, მოკლე ხანში ქვეყანამ ძვირადღირებული ელექტროენერგიის (იმპორტი, თბოელექტროსადგურები) წილის შემცირება და ექსპორტის გაზრდა უნდა მოახერხოს.

აღსანიშნავია, რომ მაისში თბოელექტროსადგურები უფუნქციოდ დარჩნენ. ესკოს ბალანსის მიხედვით, მათ არც ერთი კილოვატ/საათი ელექტროენერგია არ უწარმოებიათ. ელექტროსისტემას აღარც იმპორტირებული დენი დასჭირდა და მთელი ქვეყნის მომარაგება, მათ შორის აფხაზეთის, ჰიდროელექტროსადგურების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. ნალექიანი ამინდების შედეგად, მაისში, ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგია, აპრილთან შედარებით 283 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, ხოლო შარშანდელი წლის მაისთან შედარებით 63,5 მლნ კვტ/სთ-ით. მთლიანობაში მაისში ჰიდროენერგეტიკამ 1,07 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, მოხმარება კი 1,61 მლრდ კვტ/სთ იყო.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"