კანის ლომების ფესტივალის კონკურსის ქართველი გამარჯვებული და მისი სამომავლო გეგმები

20 წლის გრაფიკული დიზაინერი სანდრო ლალიაშვილი კანის ლომების ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულია. მან ტექნოპარკში გამართულ კონკურსზე დიზაინის კატეგორიაში კომპანია ABK-ს სახელით მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელთან ერთად გამარჯვებაც მოიპოვა. ახლო მომავალში ბიჭები თავიანთ პროექტს კანშიც წარადგენენ. შემდეგი შეჯიბრი, რომელიც უკვე კანში გაიმართება, 16 ივნისს არის დაგეგმილი.

სანდრო ლალიაშვილი მეორე კურსის სტუდენტია, GIPA-ში მედია-ხელოვნებას სწავლობს და ამავდროულად ე.წ. ,,ფრილანსერია” - სხვადასხვა პროექტზე თავისუფალი გრაფიკით მუშაობს.

,,ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია ამ ეტაპზე თავისუფალი გრაფიკით მუშაობა. საშუალება მაქვს სახლიდან გაუსვლელად ვაკეთო საქმე და თან, დაკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მივიღო”, - ამბობს სანდრო.

ახალგაზრდა დიზაინერმა საქართველოში გამართულ კონკურსზე პროექტი ,,ბრიფი” წარადგინა. დავალება ყველა მონაწილეს საერთო ჰქონდა. მათ უნდა შეექმნათ სიმბოლო - ,,მიახლოება საშიშია,” რომელიც ყოველგვარი წარწერისა და სხვა სახის მინიშნებების გარეშე იქნებოდა გასაგები და მარტივად აღსაქმელი. სანდროს პროექტმა დიზაინის კატეგორიაში ოქროს მედალი და საქართველოს სახელით კანში ახალგაზრდა ლომების კონკურსზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სანდრო მომავალ კონკურსზე გამარჯვების სურვილით მიდის, თუმცა როგორც თავად ამბობს, მაღალი კონკურენციის გამო, გარკვეულ მოლოდინებს წინასწარ არ იქმნის.

,,ღირსეულად გვინდა წარვსდგეთ კანში. მთავარი ეს არის. ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგი შედეგი დავდოთ. ეს ჩვენთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი.

სანდრო გრაფიკული დიზაინის სფეროში მუშაობით ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში დაინტერესდა და მას შემდეგ რამდენიმე პროექტის დასრულება მოახერხა. ბოლო ნამუშევრებიდან KING DAVID RESIDENCE-ს და მუზამე-ს გამოყოფს.

მომავალში ახალგაზრდა დიზაინერი დაწყებული საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

,,ვფიქრობ, ჩემს პროფესიას მალე უფრო სიღრმისეულად დავეუფლები. ამ კუთხით სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს. დიზაინის სფერო მომწონს, მაგრამ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ჩემ ირგვლივ”, - ამბობს სანდრო.

ქრისტინე გამთენაძე