„ყიფშიძის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები სარისკოა“

ყიფშიძის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების მიმდინარეობა რისკს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ტერიტორია მეწყრული ზონაა. ამის შესახებ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” ურბანისტმა ნიკო კახეთელიძემ განაცხადა. ”მთელი, ყიფშიძის ქუჩიდან დაწყებული, ბოლომდე, ეს არის მეწყრული ზონა. ეს დადასტურებული ფაქტია. ჩვენ ვრისკავთ და დღესაც მიმდინარეობს მშენებლობები. იქ რაღაც სახლი დამთავრდა ეხლა. წარმოუდგენელი რამ არის. 100 მეტრში დაიღუპა ხალხი”, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ და დასძინა, რომ დატბორვის ზონა არალოგიკური კონფიგურაციითაა შედგენილი: ”თქვენ რომ ნახოთ დატბორვის ზონა, მე ვნახე რუკა, დატბორვის ზონებად ქცეულია ის ადგილები, სადაც კერძო საკუთრებები არ არის. გაუგებარი კონფიგურაცია აქვს მიცემული. სადაც კერძო საკუთრებაა, ის არიდებულია ამ მონაკვეთებს. როგორ არის ეს გაკეთებული, ვინ გააკეთა, რატომ გაკეთდა ასე? იმიტომ რომ, ბიზნესს ხელი არ შეუშალეს? ამას ლოგიკა არ აქვს. ამოვარდნილია იმ პრობლემიდან, რაც მოხდა და ცალკე, ვიღაცის მიერ არის მოფიქრებული, რომელიც გეგმავს, რომ ასე უნდა იყოს”, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.