„მედიის განვითარების ფონდი“ მედიაში საბიუჯეტო რესურსის განაწილების შესახებ კვლევას აქვეყნებს

დაფინანსებული სტატიები ძირითადად არ არის გამოყოფილი სარედაქციო მასალებისგან, მათ შორის პარტიების მიერ დაფინანსებული კონტენტი, გამონაკლისი არის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომელიც წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით დაფინანსების აღმნიშვნელ ნიშანს იყენებს, - ამის შესახებ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაშია საუბარი, რომელიც ეხება „რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკას“ სამაუწყებლო, ბეჭდვით და ონლაინ მედიაში 2015 წელს.

კვლევა ასევე ასახავს მედიამონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედიაშინაარსზე, ასევე რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები.

კვლევის მიხედვით, სერტიფიცირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეიტინგების სისტემა მხოლოდ მაუწყებლის შემთხვევაში მოქმედებს, რაც რეგიონულ ტელევიზიებს არ მოიცავს, გაზეთების ტირაჟირება გაუმჭვირვალეა და არც ონლაინ მედიაზე წვდომის საერთაშორისო სისტემის გამოყენება ხდება, რაც ბუნდოვანს ხდის, თუ რა ტიპის კრიტერიუმებს ეფუძნება კონკრეტული მედიების შერჩევა რეგიონული ტელევიზიების, გაზეთებისა და ონლაინ მედიის შემთხვევაში.

კვლევის მიხედვით, ცალკეული უწყებები 2015 წელსაც აგრძელებდნენ ისეთ მედიებთან სერვისკონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიას, ჰომოფობიას და ანტიდასავლურ განწყობებს ეფუძნება. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ „პრორუსული პარტია „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ და რუსული პროგანდის პლატფორმა „სპუტნიკთან“ დაკავშირებული სააგენტო „ნიუსპრესი“ სპუტნიკის პოპულარაზიციას და ანტიდასავლური გზავნილების რედისტრიბუციას ახდენს და საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებთა შორისაა“.

რაც შეეხება ნაციონალურ ტელევიზიებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ ნაციონალურ ტელევიზიებსა და შერეული დაფარვის არხებზე რეკლამის განთავსება, მეტწილად, სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის შედეგების შესაბამისად ხდება და ამ მხრივ სატელევიზიო რეიტინგებში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი „რუსთავი 2“ და „იმედი“ ლიდერობენ, გამონაკლისია GDS, რომელსაც სატელევიზიო რეიტინგებში 2015 წელს მეექვსე ადგილი ეკავა და მესამე ადგილზე მყოფ „მაესტროსთან“ შედარებით 21,7%-ით ნაკლები, ხოლო მერვე ადგილზე მყოფ „კავკასიაზე“ 82,4%-ით მეტი შემოსავალი ჰქონდა.

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკის შესახებ კვლევის პრეზენტაცია „მედიის განვითარების ფონდმა“ დღეს გამართა.