კვლევის მიხედვით, ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს 33%-ით შემცირდა

ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 33%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ „საქართველოს სარეკლამო ბაზარი - ცვლილებები და გამოწვევები“ კვლევაშია საუბარი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, ტელევიზიების მიერ დეკლარირებულმა სარეკლამო შემოსავლებმა 47,3 მილიონი აშშ დოლარიდან 32 აშშ დოლარამდე იკლო. კვლევის თანახმად, კლება არის ასევე რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლებშიც. რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები 4,8 მილიონი დოლარიდან 4,1 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ თუ ერთი მხრივ, ცვლილება ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითა განპირობებული, მეორე მხრივ, მდგომარეობა უფრო გაართულა მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებულმა ნაჩქარევად განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა.

„სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ კვლავ პრობლემად რჩება როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების სათანადო აღნიშვნა, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედიასაშუალებებში. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის ორი კომპანიის არსებობა. ის გარემოება, რომ ამ კომპანიების მიერ მომზადებული რეიტინგები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, ვერ აისახება დადებითად ბაზრის დინამიკაზე“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.

კვლევა განხორციელდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით.