“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

“ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში, 15-16 ივნისს, სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

როგორც  საქართველოს ”ოქსფამის” წარმომადგენლობაში აცხადებენ,  ღონისძიება სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება და მას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე ევროპიდან.

”ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ და ეს ყოველივე ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითებს წარმოადგენენ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილებენ ყურადღებას ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით.

მათივე ცნობით, "ოქსფამმა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. კონფერენციის მონაწილეები კვლევის შედეგებს წარუდგენენ საზოგადოებას ნუტრიციის, სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და სოფლის მეურნეობისა და ნუტრიციისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომების შესახებ, რომლებიც შესაფერისია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ღონისძიება ხაზს გაუსვამს გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილებებს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტში, რათა გააძლიეროს იმ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკაზე მომუშავე პირების და პროცესში ჩართული მხარეების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში.