პრემიერმა მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახსნა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ძალიან კარგი ახალი ჰოსპიტალი გაიხსნა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ინვესტორი კი არის ''ჰუალინგ ჯგუფი'', რომელიც პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორია ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება.

''ეს არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი და ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. მე მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი ჯანდაცვის ობიექტის არსებობა. ამ მიდამოებში არ იყო და ეს ახალი ობიექტია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ''ჰუალინგი'' არის ჯგუფი, რომელიც აფართოებს თავის ინვესტიციებს საქართველოში. ჩვენ გვქონდა 2014 წელს ვიზიტი ურუმჩიში, სადაც მოვილაპარაკეთ ამ ურთიერთობების გაფართოებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შედგა ჩინეთის პირველი ვიცე პრემიერის ძალიან წარმატებული ვიზიტი, სადაც ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. ასე რომ, მინდა მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა'',- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული ჰოსპიტალი კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა" „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად ააშენა. პროექტის ფარგლებში 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 400-მდე ადამიანი დასაქმდა.