ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ახორციელებდა

ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ახორციელებდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 4 სექტემბერს, ქ. ბათუმში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ა/მანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ჩიფსი) ტრანსპორტირება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გადამოწმების დროს გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე, არაერთგზის იყო გამოწერლი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე, შესაბამისად, საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.

”2016 წლის 23 მაისს აღნიშნულმა პირმა მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც ის მიუთითებს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არ იცოდა, რომ მის სახელზე ფიქსირდებოდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ზემოხსენებული შპს-ს მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 62 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 472 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 38853,42 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.