დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2015 წლის 13-14 ივნისის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ გადაიხადა. პანაშვიდს ასევე დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქალაქის უახლოეს ისტორიაში. კარგად მახსოვს ეს მძიმე ღამე, მახსოვს, თუ რამდენად შემზარავი იყო ეს ყველაფერი და რამდენად ძნელია, როდესაც ადამიანი თავს გრძნობ უსუსურად ასეთი დიდი სტიქიის წინაშე. ასევე მახსოვს უდიდესი სოლიდარობის აქციაც და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს და შემდეგ დღეებში გაერთიანდა და გვერდში დაუდგა თავის ქალაქს. ნამდვილად ამაღელვებელი იყო ეს სოლიდარობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.