კობა გვენეტაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციები, შესაძლოა, გაფართოვდეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციები შესაძლოა გაფართოვდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე შემუშავებული აქვს კანონპროექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც ის საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა ცვლილებების მიღება პარლამენტის მიერ.

„ეროვნულ ბანკს შემუშავებული აქვს პაკეტი, სადაც გარკვეულწილად დევს ფუნქციების გაფართოება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ამ ჭრილში მოხდება გაუმჯობესება მათი რეგულაციის, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა ამ ცვლილებების მიღება პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მუშაობს ონლაინ სესხების საკითხთან დაკავშირებით და სწავლობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ამ მიმართულებით.

„ნაბიჯები გადადგმული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გვინდა, რომ თამაშის წესები იყოს აბსოლუტურად ნათელი. იყოს რაც შეიძლება ნაკლები მოულოდნელობები ისე, რომ თან პროდუქტის შენარჩუნება მოხდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არის განსხვავებული მოდელი, როცა აღნიშნული საკითხის რეგულირებას ზოგ ქვეყანაში ახორციელებს ეროვნული ბანკი, ზოგან კი მთავრობა.

„ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რომ საუკეთესო პრაქტიკა შევიმუშავოთ, რომელიც მორგებულია საქართველოზე და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე