გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი დღეს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი დღეს გახდება ცნობილი.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 27 აპრილს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკურ პროგნოზების გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე.

ამასთან, სებ-ში მიიჩნევენ, რომ საჭიროა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება, რაც გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას ნეიტრალურ დონემდე. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე საშუალოვადიან პერიოდში 5-6 პროცენტის ფარგლებშია.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის კლებას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 27 აპრილის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16 974 მომხმარებელს შეუმცირდა.