ლატარეაში მოგებული ჰაერში გასროლილი მილიონები ანუ ”ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს”

ნიგერიელმა ქალმა, რომელმაც ლატარეაში შთამბეჭდავი თანხა მოიგო, ფული ჩეკის გადაცემიდან 1 საათში ქუჩის მაწანწალას გადასცა. 46 წლის ლაგოსელმა როზმარი ობიეკორმა თავისი საქციელი ასე ახსნა: ”უამრავი ისტორია მსმენია ადამიანებზე, რომელთაც ლატარეაში დიდი თანხა მოიგეს, შემდეგ კი მათ თავს უამრავი უბედურება დატრიალდა. ამიტომაც გადავწყვიტე, გადავცე ფული პირველ შემხვედრს”.

”ჭკვიანი როზმარისგან” განსხვავებით, ზოგიერთი იღბლიანი იწყებს ფულის უაზროდ ფლანგვას და საბოლოოდ, კოტრდება. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავს ”ქარის მოტანილ” ფულს სიხარული და ბედნიერება ყოველთვის როდი მოაქვს.

გთავაზობთ ამის დამადასტურებელ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

ხარჯვა, ხარჯვა და მხოლოდ ხარჯვა!

ვივიან ნიკოლსონი - ლატარეის ყველაზე ცნობილი გამარჯვებული, რომელმაც 1961 წელს 3 მლნ დოლარი მოიგო. ჟურნალისტების შეკითხვაზე: ”რას უპირებთ მოგებულ თანხას”, მიუგო ”ხარჯვას, ხარჯვას, ხარჯვას!”. მიცემულ პირობას არ გადაუხვია და მოგებული თანხის ფლანგვას მიჰყვა: ყიდულობდა ტანსაცმელს, ძვირფასეულობას, ავტომობილებს, 5 წელიწადში 3 მილიონ დოლარს წირვა გამოუყვანა.

ამ ”შოპ-გარბენის” პერიოდში ვივიენმა დაქვრივება და 5-ჯერ გათხოვება მოასწრო, გადაიტანა ინსულტი, გახდა ალკოჰოლიკი, 2-ჯერ ეცადა თვითმკვლელობას და რამდენიმე ხანი საგიჟეთშიც იწვა. ამჟამად ის უმუშევარი მარტოხელა პენსიონერია, რომელიც თვეში 300-დოლარიანი პენსიით ცხოვრობს.

შოპინგი, წვეულებები და მკერდის გადიდება

კელი როჯერსი ერთ დროს პლანეტის ყველაზე იღბლიანი მოზარდი გახლდათ. მან ლატარეაში 1,9 მილიონი ევრო მოიგო 16 წლის ასაკში, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევროა. იმის ნაცვლად, რომ თანხა უძრავ ქონებაში ჩაედო და ბიზნეს-ლედი გამხდარიყო, გოგონამ მთელი თანხა შოპინგში, გართობაში და მკერდის გადიდებაში დახარჯა. ამჟამად კელი 25 წლისაა, 2 შვილი ჰყავს, 2-ჯერ თვითმკვლელობა სცადა და მუშაობს... მოახლედ.

უმუშევარი - მილიონერი - მენაგვე

მაიკლ ქეროლზე სულელურად, ალბათ მოგებულ 15 მილიონ დოლარს ვერავინ განკარგავდა. 26 წლის უმუშევარი ბრიტანელი სუპერმარკეტში შევიდა ლუდის საყიდლად, ”სამწუხაროდ” თანხა არ ეყო და ლატარეის ბილეთის შეძენა გადაწყვიტა. ბილეთმა ჯეკ-პოტი - 15 მილიონი დოლარი მოიგო.

თავიდან მაიკლი ახლობლებსა და მეგობრებს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა, შემდეგ დაიწყო ფულის ხარჯვა წვეულებებში, კოკაინში, მანქანებსა და მეძავებში. 1 წლის შემდეგ იგი დღეში 2 ათას დოლარს მხოლოდ კოკაინში ხარჯავდა.

მაიკლი ცოლმა მიატოვა, 1 მილიონი დოლარი იპოდრომზე, ხოლო 2 მილიონი - საყვარელი საფეხბურთო გუნდის ფსონზე დადებით წააგო. უკანასკნელი 600 ათასი დოლარით 2008 წელს ვალები გადაიხადა და უძრავი ქონება და ავტომობილებიც გასაყიდი შეექნა.

ამჟამად, მაიკლ ქეროლი მენაგვედ მუშაობს და საათში 5 დოლარს გამოიმუშავებს. მამაკაცის თქმით, მისი ცხოვრება ბევრად გაიოლდა, ვიდრე მილიონერობის პერიოდისას.

მორიგი გაკოტრება

უილიამ პოსტის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, მიუხედავად იმისა, რომ მან 16 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო ლატარეაში. ყველაფერი კი მეუღლის საჩივრით დაიწყო, რომელმაც მოგების წილი მოითხოვა, ამას მოჰყვა დავა ძმებთან, რომელთაც უილიამი აიძულეს, ფული საავტომობილო და სარესტორნო ბიზნესში ჩაედო. საბოლოოდ, პოსტი გაკოტრდა...

ჯეფრი დამპაირი, რომელმაც 20 მილიონი დოლარი მოიგო, ნათესავებმა მოკლეს

ჯეფრი დამპაირმა 1986 წელს ილინოისის შტატში ჯეკ-პოტი მოიგო. პრიზის მიღების შემდეგ, გულუხვმა გამარჯვებულმა მეგობრები და ნათესავები ძვირფასი საჩუქრებით დაასაჩუქრა, მათ შორის, მანქანებით, ძვირად ღირებული მოგზაურობებით, ზოგიერთისთვის სახლიც კი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მისი რძლისთვის, ვიქტორია ჯექსონისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, 2005 წელს მან თავის ბოიფრენდთან ერთად მილიონერი მოიტაცა და მოკლა. ამ საზარელი მკვლელობის ერთადერთი მოტივი შური გახდა. ბოროტმოქმედები დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მილიონერი ტრაილერში

”სინამდვილეში, ლატარეაში მოგება სულაც არ არის ის, რასაც მასზე ამბობენ”, ჰყვება ეველინ ადამსი, რომელმაც ლატარეაში 2-ჯერ (1985, 1986) ჯამში 5,4 მილიონი დოლარი მოიგო. დღეს მას ეს ფული უკვე აღარ აქვს და ტრაილერში ცხოვრობს. ”ამერიკული ოცნება მოვიგე, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ეს იყო ქვესკნელში ვარდნა. ყველას ჩემი ფული სურდა, ყველა ხელს მიწვდიდა. მე კი მარტივი სიტყვა - ”არა” - ვერა და ვერ ვისწავლე. სამწუხაროა, რომ არ მაქვს ყველაფრის უკან დაბრუნების შანსი. ახლა უკვე ჭკვიანად მოვიქცეოდი. ბევრს ვთამაშობდი, ვუშვებდი შეცდომებს. ზოგიერთზე ვნანობ, ზოგზე კი - არა. არ შემიძლია უკან დაბრუნება, ამიტომ წინ წაწევას უნდა ვეცადო, ნაბიჯ-ნაბიჯ”, - აცხადებს ეველინი.

ქველმოქმედება ყოველთვის სასარგებლო არ არის

ჟანიტ ლიმ 1993 წელს 18 მილიონი დოლარი მოიგო. ლი ძალზედ კეთილშობილი იყო და არიგებდა ფულს განათლებაზე, პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე. 8 წლის შემდეგ ქალმა გამოაცხადა, რომ ბანკროტია. მის ხელთ არავითარი ნაღდი ფული არ აღმოჩნდა, საბანკო ანგარიშებზე კი მხოლოდ 700 დოლარი დარჩა.

დუდანა ზაქარაია