ჯანმრთელობისთვის საშიში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება - რეალიზაციის ფაქტზე, შპს „ფასანაური 2010“-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ „თეონა ბუხრაძის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების - კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმას, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას.

”აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3-დან 5 წლამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.