თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, 15-16 ივნისს იმართება, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლები, აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ესწრებიან. კონფერენციის მონაწილეები სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ მსჯელობენ, ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითებს წარმოადგენენ.

„ოქსფამმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. „ოქსფამის“ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერის ლევან დადიანის განცხადებით, პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას - საქართველოს და სომხეთს - სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფაში და მცირე გლეხობაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმაროს.

„დღევანდელი ფორუმი გახლავთ უნიკალური შემთხვევა კავკასიისთვის, როდესაც საერთაშორისო დონეზე, ორი ქვეყნის მთავრობების ჩართვით ხდება საჯარო დისკუსია ამ თემაზე. ეს ფორუმი არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი ძალიან ახლო და მჭირდო თანაშრომლობისა სოფლის მეურნოების სამინისტროსთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა საბაზისო რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონფერენციის შემდეგ ორივე ქვეყანაში მკვეთრად შეიცვლება პოლიტიკური დისკურსი სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ისედაც შეცვლილია, მაგრამ ვიმედოვნებთ, შემდგომისთვის ეს უფრო სისტემურ ხასიათს მიიღებს და ორივე ქვეყანაში ჩამოყალიბდება გეგმაზომიერი, გრძელვადიან შედეგზე ორინეტირებული სისტემა“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

რაც შეეხება სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, დადიანის თქმით, ის, ძირითადად, ოთხ დედაბოძს მოიცავს.

„ეს გახლავთ წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, ასევე, ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ საგანგაშო ტენდენციები. ამასთან, მცირე გლეხობის დაბალკონკურენტუნარიანობა იწვევს იმას, რომ დღესდღეობით კიდევ სოფლად შემოსავლები ძალიან დაბალია და ჩვენი ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული სურსათის იმპორტზე. ამდენად, კონფერენციაზე საუბარი იქნება როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ისე იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობებზე, ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

ორდღიანი ღონისძიება ხაზს გაუსვამს გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილებებს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტში, რათა გააძლიეროს იმ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკაზე მომუშავე პირების და პროცესში ჩართული მხარეების მხარდაჭერა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში სასურსათო უსაფრთოებისა და ნუტრიციის მიმართულებით მუშაობენ.