ქართული მინერალური წყალი "ხიხანი" უკრაინაში ექსპორტზე გავა

ქართული მინერალური წყალი „ხიხანი“ ორ თვეში ექსპორტზე უკრაინაში გავა. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მომავალში სხვა საექსპორტო ბაზრების ათვისებაც იგეგმება, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანია მტკნარი წყლის წარმოებასაც დაიწყებს. ,,ხიხანი“ ქართულ ბაზარზე ხოტა ხნის წინ, 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, პროდუქცია ამ ეტაპზე სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში იყიდება. საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, ახლო მომავალში რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

საწარმოს დღიური წარმადობა 3 000 ბოთლია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, ჯერჯერობით საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს და ბაზრის ათვისებას ეტაპობრივად ახერხებს.

„წარმოების გაზრდა შესაძლებელია, თუმცა ჯერ რეალიზაცია არ არის იმ მასშტაბის, რომ მეტი დატვირთვით ვიმუშაოთ“, - აღნიშნავს მალხაზ ხალვაში „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

საწარმო ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ზღვის დონიდან ათას მეტრზე მდებარეობს. მასში მუდმივად 14 ადამიანია დასაქმებული. ხალვაშის ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში 70 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ქრისტინე გამთენაძე