გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გახსნა

ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი - ”ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად” დაიწყო. ბოზნესფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემებია: საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

“საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან გაღრმავების გზაზე. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. მოგვიანებით ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს”, - განაცხადა პრემიერმა.

საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგებზე და განაცხადა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს - თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

“ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამი ძირითად პრინციპზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში. მისი თქმით, საქართველო, რომელიც წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

“საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით შესანიშნავი ადგილი ვართ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანია სატრანზიტო გადაზიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურების სექტორებიდან.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართება ქართული ღვინის ექსპო და ფოტო გამოფენა.