მცხეთაში ახალი სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სლოვაკეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ საზეიმოდ გახსნეს სასტუმრო “ჯინო ველნეს მცხეთა“.

მცხეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩიგოვაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ბიზნესმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.

”ქალაქის ცენტრში მდებარე „ჯინო ველნეს მცხეთა“-ში 50-მდე ადგილობრივი მოსახლე არის დასაქმებული. სასტუმროს აქვს 22 ნომერი, მოქმედებს 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, პანორამული ლიფტი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი “ოაზისი”, ასევე ჯაკუზი ტერასა 70-80 კაცზე. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი, როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა სტუმრებმა ოჯახებთან ერთად დაისვენონ, დაგეგმონ, სხვადასხვა ტიპის ოფიციალური თუ არაოფიციალური ღონისძიებები და გაატარონ დრო სასიამოვნო გარემოში.

სასტუმრო "ჯინო ველნეს მცხეთა“ ევროპული ბრენდის, „ჯინო ჰოლდინგის" პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა” ექსპლუატაციაში დღეიდან შედის. სასტუმროს ასაშენებლად 1,473 მლნ ევროს ინვესტიციაა განხორციელებული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.