გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობა იწყება

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვლიერეს.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის პროექტი გულისხმობს 8 300 მეტრის სიგრძის ქსელის მშენებლობას.

პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები.

გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქი დამატებით გაზის რაოდენობას მიიღებს და მომავალი წლების განმავლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე