ბათუმის ბულვარი ტურისტების მისაღებად მზად არის

ბათუმის ბულვარში ტურისტული სეზონის დასახვედრად სერიოზული სამუშაოები ჩატარდა, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სოფო გუჯაბიძე ესაუბრა. მისი თქმით, ბულვარის სამივე ხეივანი უკვე რესტავრირებულია. იქ ახალი ფილები დააგეს, რადგან ასფალტის საფარი დაძველებული იყო და ბევრ ადგილას წყალი დგებოდა. ამავე დროს, ბულვარში მთელი მიწისქვეშა კომუნიკაცია შეცვალეს, რომელიც ასევე მოძველებული იყო. სოფო გუჯაბიძის თქმით, ბულვარის ადმინისტრაცია გამწვანების მიმართულებითაც მუშაობდა და დღემდე მუშაობს, რის გამოც ბულვარი ძალიან გალამაზდა. გარდა ამისა, დაიდგა ახალი ბოძკინტები, რომელიც კლასიკური, ლამაზი ფორმისაა. ბულვარის სტუმრებს წელს ახალი, ასევე კლასიკური ფორმის ჯიხურები დახვდებათ, რომლებიც სუვენირებისთვის არის განკუთვნილი. ამ ჯიხურებს ბათუმის ბულვარის დაარსების თარიღი - 1881 აწერია. ბულვარში 30 ახალი ჯიხური უკვე დამონტაჟდა. შეცვალეს მოსასვენებელი სკამები, რომლებიც ძალიან დაძველებული და ჩაზნექილი იყო. სულ მალე, 21 ივნისს ანბანის კოშკის ზედა სართულზე ობსერვატორია განთავსდება, იქვე გაიხსნება კაფეები, რესტორნები და ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტები. როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, ბულვარში მთავარი სამუშაო უკვე დასრულებულია, ახლა მხოლოდ წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის ბულვარი ტურისტების მისაღებად მზად არის“, - აცხადებს სოფიკო გუჯაბიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე