აშშ-ში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებმა რეკორდი დააფიქსირა

2016 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებმა ახალი რეკორდი დააფიქსირა და 15,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

IAB-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 21%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, რაც ზრდის თვალსაზრისით ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებმა 13,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„გასულ წელს ინტერნეტ რეკლამის ინდუსტრიამ რეკორდულ დონეს მიაღწია - 50 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლით. თუ წელს პირველი კვარტლის მონაცემებით ვიმსჯელებთ, ონლაინ რეკლამაზე დანახარჯების მხრივ მიმდინარე წელს ახალი რეკორდი დამყარდება“, - განაცხადა IAB-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ დოტიმ.