სექტემბრიდან თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

მერიის ინფორმაციით, სექტემბრიდან თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება. დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზაფხულში "სითი პარკს" ტროტუარებზე დარჩენილ 1500 ადგილს ჩამოართმევენ და აღნიშნულ ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისათვის გაათავისუფლებენ. მერიაში ახცადებენ, რომ "სითი პარკმა"  მოსახლეობას ალტერნატიული პარკირების ადგილები უნდა შესთავაზოს.

როგორც "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ბიზნესპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადეს, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სად იქნება და სად არა პარკირების ადგილები, იღებს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური და არა კომპანია.

"სითი პარკი" არ ფლობს პარკირების ადგილებს, ეს არის ქალაქ თბილისის მერიის საკუთრება. კომპანია მხოლოდ ოპერირებას ახორციელებს. მერიის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ტროტუარებზე პარკირება. გაუქმების შემთხვევაში, რა ალტერნატივას შესთავაზებს მოსახლეობას, ამასაც მერია განსაზღვრავს. თუ დავით ნარმანია მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ადგილზე პარკირების აკრძალვის შესახებ, "სითი პარკი" ამ განკარგულების შესაბამისად მოიქცევა", - აღნიშნავს "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე.

ქრისტინე გამთენაძე