Mercedes რუსეთში ქარხანას გახსნის

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Daimler, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირველი მსუბუქი ავტომობილის მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს.

ავტომწარმოებელი იმპორტირებული ნაწილებით ქარხანაში ყოველწლიურად 30 ათასამდე SUV-ის აწყობას აპირებს. თავად ქარხანაში კი 200 მილიონი ევროს ინვესტირება იგეგმება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა dailyHandelsblatt საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. თავად გერმანულ კომპანაში ავტომობილების წარმოების კონკრეტულ რიცხვთან, ინვესტიციის მოცულობასთან და სხვა ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.

ცნობისათვის, Mercedes-ის კონკურენტ კომპანიას BMW, რუსეთის ბაზარზე კონტრაქტორი კომპანია Avtotor ემსახურება, რომლის ქარხანაშიც კალინინგრადიდან მიწოდებული ნაწილების საშუალებით 3-, 5- და 7-series სედანებსა და X1, X3, X4, X5 და X6 SUV-ებს აწყობენ. მსგავსი სიტუაციაა კიდევ ერთი კონკურენტის Audi-ის შემთხვევაში, რომელიც მშობელი კომპანიის Volkswagen Group-ის კუთვნილ კალუგას ქარხანაში აწყობს A6 სედანს, A7 Sportback-სა და A8L სედანს Q5 და Q7 SUV-ებს.

ცნობისთვის, რუსეთის საავტომობილო ბაზარი უკვე დიდი ხანია ვარდნას განიცდის, სუსტი რუბლის, ნავთობზე დაბალი ფასებისა და უკრაინის კრიზისის შედეგად დაწესებული დასავლური სანქციების გამო. მაგრამ პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვა შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საბიუჯეტო ბრენდებისა, რადგან მდიდარი რუსები მდიდრულ ნივთებში სუსტი რუბლის ინვესტირებას ახორციელებენ.

კოკა კვირკველია