ყველაზე აბსურდული საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ

აშშ-ში მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ მომხმარებლის აბსურდული საჩივრები იშვიათობას არ წარმოადგენს. ამ მხრივ ყველაზე ლეგენდარული სტელა ლიბეკის პროცესია. 1992 წელს ქალმა McDonald's-ს უჩივლა - ქსელის ერთ-ერთ რესტორანში ცხელი ყავა გადაისხა და ამისთვის 2,9 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო. 2007 წელს, აშშ-ის ყველაზე "იდიოტურ საჩივრებზე" სტელას სპეციალური პრემიაც კი დაარსდა, რომელმაც 2012 წლამდე იარსება.

"ცხელი ყავის" საქმე

79 წლის პენსიონერმა 49 ცენტად McDonald's-ში, ავტომობილებისთვის განკუთვნილ სალაროში (McAuto) ყავა შეიძინა, ჭიქა მუხლებს შორის მოიქცია, შაქრის ჩასაყრელად თავსახური ახადა და... ფეხებზე გადაიქცია. შედეგი სავალალო აღმოჩნდა - მესამე ხარისხის დამწვრობა, კანის გადანერგვის ოპერაცია და 2-წლიანი მკურნალობა...

თავდაპირველად, ლიბეკი ცდილობდა McDonald's-ს სასამართლოს გარეშე გარიგებოდა და მიყენებული ზარალისთვის 20.000 დოლარს (მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას) სთხოვდა, მაგრამ კომპანია მხოლოდ 800 დოლარის გადახდაზე იყო თანახმა. ქალი ამ თანხამ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა და ადვოკატს მიმართა, რომელმაც McDonald's-ს 300.000 დოლარი მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა კი სასამართლოს მიმართა და... ძალიანაც მიქარა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ რესტორანს დასდო ბრალი, რაშიც ადვოკატის არგუმენტი მოიშველია - თითქოს McDonald's-ი კლიენტებს მეტისმეტად ცხელ ყავას სთავაზობდა (90 გრადუსამდე), რაც საფრთხის შემცველი იყო. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები მართლაც რეგულარულად უჩიოდნენ McDonald's-ს ზედმეტად ცხელი ყავისთვის, მაგრამ კომპანია მათ პრეტენზიებს არც კი განიხილავდა... საბოლოოდ, საკომპენსაციო თანხამ 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა...

სტელა ლიბეკის ხმაურიანმა პროცესმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ზოგი მის აბსურდულობაზე მიუთითებდა, ზოგიც - სამართლიანობის ზეიმზე. ერთხანს ე.წ. სტელას პრემიაც კი დაარსდა, რომელსაც ყოველწლიურად აშშ-ის ყველაზე აბსურდულ სასამართლო საჩივრებს ანიჭებდნენ.

"მკვლელი" Nike

26 წლის პორტლენდელმა სუტენიორმა კომპანია Nike-ს უჩივლა - თქვენი წარმოებული სპორტული ფეხსაცმელი მკვლელობის იარაღად მექცა და ამის შესახებ უნდა გაგეფრთხილებინეთო. მამაკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს თავისი სექს-მუშაკის კლიენტის სასტიკად ცემის გამო. სუტენიორს Nike-ს ფეხსაცმელი ეცვა და კლიენტს გამეტებით ურტყამდა, შედეგად, კაცი შემოაკვდა. სუტენიორმა კომპანიას კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარი მოსთხოვა...

კომპენსაცია იმედგაცრუებისთვის

ვიდრე ინტერნეტში სოციალური ქსელი "ფეისბუკი" გამოჩნდებოდა, კომპანია Classmates.com მომხმარებელს თანაკლასელებისა თუ ძველი შეყვარებულების პოვნაში ეხმარებოდა. ერთხანს, ცრუ სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რისთვისაც სპეციალური მომსახურება დააწესა - ირწმუნებოდა, თუ მომხმარებელი ფულს გადაიხდიდა და "ოქროს კლიენტების" კატეგორიაში გაწევრიანდებოდა, ქსელში პრემიუმ-წვდომა ექნებოდა, რაც სასურველ პირებთან ურთიერთობისთვის დამატებით მომსახურებას გულისხმობდა... მიუხედავად ამისა, VIP კლიენტებისთვის არაფერი შეცვლილა და მათ კომპანიას ტყუილში დასდეს ბრალი. Classmates.com-ს კი "ოქროს კლიენტებისთვის" კომპენსაციის გადახდამ მოუწია - ჯამში 9,5 მლნ დოლარი..

ფილტვის კიბოსთვის დაჯარიმებული Philip Morris

2003 წელს ჯოდი ბალოკმა თამბაქოს კომპანიას უჩივლა, ფილტვის კიბოთი გარდაცვლილი დედის გამო. ქალი 17 წლიდან ეწეოდა და 64 წლისა გარდაიცვალა. პირველი პროცესი 2001 წელს დაიწყო, 2002 წელს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Philip Morris-ს რეკორდული ჯარიმის - 28 მილიარდი დოლარის გადახდა ურჩია. მოგვიანებით, მოსამართლემ ჯარიმის თანხა 28 მილიონამდე შეამცირა, 2008 წელს კი საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ნაფიცი მსაჯულები 13,8 მლნ დოლარზე შეჩერდნენ...

Apple-მა მამაკაცს ოჯახი დაუნგრია

2012 წელს ამერიკელმა ადვოკატმა კრის სევიერმა Apple-ს ოჯახის დანგრევისთვის სასამართლოში უჩივლა. მამაკაცი მიიჩნევდა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს უნდა ეზრუნა პორნოფილტრზე თავის მოწყობილობებში, რადგან ერთხელ შაფარი-ს საძიებო ველში Facebook-ის ნაცვლად, შეცდომით F***book-ი ჩაწერა და პორნოსაიტზე აღმოჩნდა. სევიერი ირწმუნებოდა, რომ ამ ფაქტმა პორნოდამოკიდებული გახადა, რამაც მისი ქორწინება იმსხვერპლა.

2014 წელს სევიერმა კვლავ შეიტანა საჩივარი. ამტკიცებდა, რომ თუკი ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, მასაც აქვს უფლება, თავის სექსუალურ ობიექტზე იქორწინოს. ეს ობიექტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, პორნოგრაფიით გაძეძგილი Apple-ის წარმოებული კომპიუტერი იყო...

სენდვიჩის პარამეტრები...

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის Subway საფირმო სენდვიჩს Footlong ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიგრძე 1 ფუტი (30,4 სმ) უნდა იყოს. 2013 წლის იანვარში ერთმა ავსტრალიელმა თავისი ბუტერბროდი გაზომა და სახაზავის ფონზე გადაღებული ფოტო Facebook-ზე ატვირთა. სენდვიჩის სიგრძე 11 დუიმი (27,9 სმ) აღმოჩნდა. მას სხვა მომხმარებლებმაც მიბაძეს და მსგავსი ფოტოების ატვირთვა დაიწყეს, რითაც Subway კლიენტის მოტყუებაში გამოიჭირეს.

ნიუ-ჯერსელმა ჯონ ფარლიმ და ჩარლს ნოა პენდრაკმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს Subway-ს წინააღმდეგ. მათი ადვოკატი პირადად ეწვია ქსელის 17 რესტორანს და დარწმუნდა, რომ ბუტერბროდები მართლაც მოკლე იყო. მან ნიუ-ჯერსის მოტყუებული მომხმარებლებიც ჩართო საქმეში და ჯგუფური საჩივარი შეიტანა. Subway-მ თავი იმით იმართლა, რომ სიტყვა Footlong - დარეგისტრირებული სავაჭრო მარკაა, რომელიც უბრალოდ აღწერს სენდვიჩს, მაგრამ საზომის ეტალონი არ არის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაცია პირველმა 9 მომჩივანმა მიიღო 1000 დოლარის ოდენობით. დანარჩენებს კი, რომელთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, არა თუ ფულადი კომპენსაცია, უფასო სენდვიჩიც არ მიუღიათ. Subway დათანხმდა, მიეღო ზომები, რომ სენდვიჩის სიგრძე მართლაც 1 ფუტი გამხდარიყო.

1 მილიარდი ალკოდამოკიდებულებისთვის

2013 წელს ხუთმა პატიმარმა სასამართლოში ალკოჰოლის 8 მსხვილ მწარმოებელ კომპანიას უჩივლა, მათ შორის Soris Anheuser-Busch, Coors, Miller Brewing და Jim Beam..

პატიმრები მიიჩნევდნენ, რომ კომპანიებმა მათ 1 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადონ, რადგან არ გააფრთხილეს, თუ რა სავალალო შედეგი მოაქვს ალკოჰოლის მიღებას. მამაკაცები დარწმუნებული არიან: სწორედ ალკოდამოკიდებულებამ აქცია ისინი ბოროტმოქმედებად. რომ სცოდნოდათ, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ დამოკიდებულებას, პირსაც არ დააკარებდნენ ალკოჰოლს.

ბილ და მარშა ბეიკერები Heinz-ის წინააღმდეგ

ბილ და მარშა ბეიკერების ხანდაზმულმა წყვილმა ერთხელ ხორცის უჩვეულო რეცეპტით მომზადება გადაწყვიტა, რისთვისაც Heinz-ის კეტჩუპი შეიძინა. აღმოჩნდა, რომ ეტიკეტზე მითითებულ წონას 42 გრამი აკლდა. აღშფოთებულმა ცოლ-ქმარმა მეორე კეტჩუპი მოწმეების დანდასწრებით გახსნა, რომელიც ასევე არ შეესაბამებოდა შეფუთვაზე მითითებულ წონას. გასაკვირი არ არის, რომ საქმე პენსიონერების სრული გამარჯვებით დასრულდა - კალიფორნიის სასამართლომ მწარმოებელს 180 000 დოლარის გადახდა დააკისრა და ამასთან დაავალდებულა, ერთი თვის განმავლობაში კეტცჩუპი მითითებულზე ზედმეტი წონით გაეყიდა, რამაც Heinz 650 000 დალარით აზარალა.

ყველაფერში შეფია დამნაშავე

1995 წელს კორპორატიულ საღამოზე კარგად გამომთვრალი ქალი ავტომობილის საჭეს მიუჯდა, ვერ დაიმორჩილა და ავარია შეემთხვა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მის დამსაქმებელს (კომპანია Utton Group Realty Ltd) სასამართლოში უჩივლა. განაცხადა, რომ მის უფროსს არ უნდა დაერთო საჭესთან დაჯდომის ნება. კანადელმა ლინდა ჰანტმა 300 000 დოლარი მოიგო.

მომჩივანი რეკორდსმენი

ჯონათან ლი რიჩესი - ქალაქ კენტუკის ფედერალური ციხის პატიმარი, ინტერნეტთაღლითობაში ბრალდებული და რეკორდსმენი მომჩივანი.

2006 წელს ჯონათანმა სასამართლოში პირველი საჩივარი შეიტანა, მომდევნო 6 წლის განმავლობაში კი საჩივრების რაოდენობამ 2 500-ს გადააჭარბა. ამასთან, „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ მხოლოდ ცნობილ ადამიანებს სთხოვდა პასუხს.

ასე მაგალითად, 2008 წლის აპრილში რიჩესმა ინტერნეტთამაშის - GTA შემქმნელებს უჩივლა, რადგან მათ სწორი გზიდან გადაიყვანეს და სექსისკენ, ნარკოტიკებისა და ძალადობისკენ უბიძგეს, შედეგად კი ბოროტმოქმედად იქცა.

ჯონათანი ასევე ცდილობდა, სასამართლოზე მოპასუხის რანგში გამოეწვია ბერნარდ მეიდოფი (სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენი, ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პირამიდების შემქმნელი). პრეტენზია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ თითქოს 2001 წელს ის მეიდოფს გაცნობის ერთ-ერთ საიტზე გადაეყარა და ბიზნესმენი ასწავლიდა მომხმარებლების პერსნალური მონაცემების გამოყენებას. გარდა ამისა, ლი რიჩესი ჯორჯ ბუშ-უმცროსს, ბრიტნი სპირსს, კულინარული შოუს ცნობილ წამყვანს - მართა სტიუარტს უჩიოდა. მაგრამ რეკორდსმენის ყველაზე ექსტრავაგანტული მოპასუხე მხარეები გახლდათ: სომალელი მეკობრეები, ბუდისტი ბერები, ლინკოლნის მემორიალური ცენტრი, ეიფელის კოშკი, ირანის პრეზიდენტი, ნოსტრადამუსი, შე გევარა, რომის იმპერია, სკანდინავიელი ღმერთები და ადოლფ ჰიტლერი.

ასეთი უჩვეულო მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ჯონათანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, მაგრამ აბა, რა ჯონათანი იქნებოდა, გინესის წიგნისთვისაც რომ არ ეჩივლა - როგორ გაბედეთ ჩემი სახელის ხსენებაო.

საჩივართა უმეტესობა უარყოფილ იქნა არასერიოზულობისა და მავნებლობის გამო. მათი ნაწილი კი უბრალოდ თვითრეკლამა გახლდათ.

დუდანა ზაქარაია