სალომე სამადაშვილი - ჩვენს ენერგობაზარზე „გაზპრომის“ ნებისმიერი სახით შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა

ჩვენს ენერგობაზარზე „გაზპრომის“ ნებისმიერი სახით შემოსვლა არასასურველია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც „გაზპრომმა“ ქართულ კომპანია „გაზკოსთან“ გაზის მიწოდების თაობაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

„შემაშფოთებელია ის, რომ შედგა კერძო გარიგება ერთ-ერთ კერძო ფირმასა და „გაზპრომს“ შორის. აღნიშნული ფირმა „გაზპრომისგან“ 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის საუბარი დიდ მოცულობაზე, საინტერესოა, გასცა თუ არა ენერგეტიკის სამინისტრომ და შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ნებართვა, რომ „გაზპრომმა“ ისარგებლოს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მილსადენით და თუ გასცა, მაშინ რას ნიშნავს ეს - შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ ერთხელ და სახელმწიფო ისევ ნელ-ნელა გზას უხსნის „გაზპრომის“ გაზის დაბრუნებას ჩვენს ბაზარზე თუ არა. ჩვენ მოვითხოვთ ამაზე ახსნა-განმარტებას ენერგეტიკის სამინისტროსგან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრეცედენტის დაშვება საქართველოსთვის არის ძალიან სახიფათო.

„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.

კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.