ზურაბ ჭიაბერაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ექვს თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ექვს თვეში 24 მილიონი ლარით გაირღვა.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ექვსი თვის ბოლომდე კიდევ ორი კვირაა დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ამოწურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ექვსი თვის 308 მილიონი ლარის ბიუჯეტი და დარჩენილ 14 დღეში მას დაახლოებით 24 მილიონი ლარის დამატება სჭირდება.

„ამ თანხას დავით სერგეენკო ტრადიციულად სამინისტროს მეოთხე კვარტალის ასიგნებებს მოაკლებს და ამჟამინდელ დეფიციტს ამით ამოავსებს, მაგრამ ამით მხოლოდ გაამწვავებს იმ პრობლემას, რომელთან გამკლავება წლის ბოლოს უკვე სხვა მთავრობას და სხვა მინისტრს მოუწევს. დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა კი აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმის შემუშავება-განხორციელება არ შეუძლია. ჯანდაცვის მინისტრს არ გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს მოგვცემდა, რომ მომდევნო თვეებში ხარჯვა უდეფიციტო იყოს. შესაბამისად, წელსაც, ისევე როგორც 2015 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს - ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჭიაბერაშვილის აზრით, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს - აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება.

„თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად ვერ დაფარა. 2015 წლიდან სამინისტროს კლინიკების მიმართ დაახლოებით 65 მილიონი ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება“, - დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.