პოლონეთში ახალგაზრდულ ბიზნესფორუმზე გორელი ახალგაზრდები გაემგზავრებიან

სტაროგრადში საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნესფორუმზე გასამგზავრებლად 4 გორელი ახალგაზრდა უკვე შერჩეულია.

გორის მერიის ინფორმაციით, ლუკა ზედაშიძე, სალომე ლაფაჩი, ანი აკოფაშვილი და მორის გიგაური პოლონეთში გაემგზავრებიან და 3-დან 8 ივლისამდე ქალაქ სტაროგრადის მახლობლად, ბოლესლავოვოში გამართულ ბიზნესკვირეულში მიიღებენ მონაწილეობას.

”ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეული უნიკალური ღონისძიებაა, რომელსაც 2011 წლიდან ვაშინგტონის ბიზნესკვირეულთან და ამერიკის სხვა ბიზნესს პარტნიორთან ერთად ახორციელებს სტაროგრადის თვითმმართველობა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს ასწავლოს მეწარმეობა და კრეატიულობა ამერიკული კორპორაციების თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით.

ბიზნეს-ფორუმზე გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთში ვიზიტის დროს გადაწყდა. მონაწილეთა სამართლიანად და გამჭვირვალედ შესარჩევად კი მერიამ კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილე 12 აპლიკანტიდან ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სოფია რეზრიჩენკომ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე 4 კანდიდატი შეარჩია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

,,შევხვდი კონკურსანტებს, ძალიან გამიჭირდა (მართლა არაჩვეულებრივი ბავშვები არიან ქალაქში, საამაყონი) მაგრამ შევარჩიე და მერიას წარვუდგინე, თუმცა მითხრეს, რომ სიის გადახედვა არაა საჭირო და შემიძლია ახლავე დავრეკო ჩემ მიერ შერჩეულ კანდიდატებთან და მივულოცო... მადლობა მერს და განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობისთვის... წარმატებული ვიზიტი პოლონეთში!“ - წერს რეზრიჩენკო თავის ”ფეისბუქ” გვერდზე.