არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების აღმოჩენის გამო მებაჟეებმა რამდენიმე პირი დააჯარიმეს

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების აღმოჩენის გამო მებაჟეებმა პირები დააჯარიმეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-ს.

„მგზავრი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4290,82 ლარი შეადგინა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე თქმით, ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82 ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით.